ისტორია

ტყიბულის "მეშახტე" — პროფესიონალური ქართული საფეხბურთო კლუბი.

კლუბი დაარსდა 1938 წელს, არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980, 1981 წლებში. მეშახტის წარმატება XX საუკუნის 60-80-იან წლებში უკავშირდებოდა იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერ ქალაქს, ტყიბულს. მისი ქვანახშირის შახტებიც სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო და სწორედ აქედან ნაწილდებოდა თანხები სპორტის განვითარებაზეც, მათ შორის - ფეხბურთზეც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს დაფინანსება შეწყდა, ქალაქ ტყიბულსაც მძიმე პერიოდი დაუდგა და ფეხბურთისთვისაც აღარავის ეცალა. მეშახტის წარმატება ასევე უკავშირდება 70-იან წლებში ქალაქის რაიკომის მდივანს კარლო ლომაძეს, რომლის ინიციატივითაც ქალაქში აშენდა იმ პერიოდისათვის საუკეთესო სტანდარტების სტადიონი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ კლუბი მცირე ხნით გამოდიოდა „ოკრიბის“ სახელით, ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მეორე საფეხბურთო კლუბი „ცხრაჯვარი“. 1965-1967 წლებში გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

ჩვენ ქალაქში დღემდე უყვართ ფეხბურთი, საფეხბურთო კლუბი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს დღესაც ახარებს ხოლმე ტრიბუნაზე მოსულ ასობით გულშემატკივარს, რომლებიც ერთგულად ქომაგობენ ქალაქის ღირსების დასაცავად მებრძოლ ბიჭებს. აუცილებელია შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ეს სიყვარული "მეშახტე"-ს მიმართ, რასაც აუცილებლად მოჰყვება უახლოეს მომავალში შედეგი და ისევ იბრძოლებს ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბი იმ დიდი წარმატებებისთვის, რასაც დიდი ხანია მოკლებულია ტყიბულელი გულშემატკივარი..

უდიდესი ისტორია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!..

ჩვენ გვიყვარს ტყიბულის "მეშახტე"